შინაარსზე გადასვლა

სვანეთის სამთავრო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სვანეთის სამთავრო
XVII საუკუნის II ნახევრიდან — 1858
გერბი

ქართული სამეფო სამთავროების რუკა
ენა ქართული, სვანური
რელიგია მართლმადიდებლობა
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია დადიშქელიანები

სვანეთის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XVII საუკუნის II ნახევრიდან — 1858 წლამდე. სვანეთის სამთავრო მოიცავდა ზემო სვანეთის (მდინარე ენგურის ხეობა) დასავლეთ ნაწილს ე. წ. ბალის ქედიდან (ლატალის დასავლეთით) ცხვიმზაგარამდე (ჯვარის აღმოსავლეთით), შედგებოდა ბეჩოს, ლეჩყანის, ეცერის, ცხუმარისა და ჩუბეხევის თემებისაგან.

სვანეთის საერისთავო აფხაზთა სამეფოს ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონს ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის,რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ ლეონ II დააარსა. მნიშვნელოვანია, რომ სვანეთის საერისთავოს „აფხაზთა სამეფოში“ მარუშიანთა საგვარეულო განაგებდა.

მარუშიანები უდიდეს როლს თამაშობდნენ „აფხაზთა სამეფოს“ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ საგვარეულოდან უნდა იყოს 864 წელს ჯავახეთში კუმურდოს ტაძრის სამშენებელ წარწერაში მოხსენიებული ძვიად ერისთავი. იგი წარწერის მიხედვით, აფხაზთა მეფის ერისთავია ჯავახეთში.

სვანეთის სამთავრო დაახლოებით 66 სოფელს, 1000-მდე კომლს ანუ 9500–10000 სულ მცხოვრებს ითვლიდა. სოციალურ-პოლიტიკური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის მსგავსი იყო. სასულიერო სფეროში სვანეთის სამთავრო ცაიშელი ეპისკოპოსის სამწესოში შედიოდა. აქ მრავალრიცხოვან ქრისტიანულ ეკლესიათაგან სილამაზითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა ფხუტრერის მთავარანგელოზის ეკლესია.

სვანეთის სამთავროს შექმნისათვის ბრძოლა დაიწყო დადიშქელიანების ფუთასა და დიდი ოთარის დროს, რომელთა მემკვიდრეებმა სორთმანმა, როსტომმა, თენგიზმა და სხვებმა ბრძოლა გაუმართეს მეტოქე რიჩგვიანთა საგვარეულოს, რაც ამ უკანასკნელთა სრული გადაშენებით დასრულდა.

სვანეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავრის — ბაბა ციოყის — მემკვიდრეები: მოსოსტრი, ციოყი, თათარყანი და სხვები ერთმანეთს ებრძოდნენ პირველობისათვის. XIX საუკუნის 20-იან წლებში მათი გვარეულობა და სამთავრო ორად გაიყო: დადიშქელიანთა უფროსი შტო ჩუბეხევს (სამეგრელო მოსაზღვრე ტერიტორია) დაეუფლა, ხოლო უმცროსი — ეცერის, ცხუმარისა და ბეჩო-ლეჩყანის თემებს. ორივე შტოს მეთაურები ერთპიროვნულ ბატონობას, სამთავროსა და მთელი სვანეთს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. 1833 წელს დადიშქელიანებმა მეფის რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს, მაგრამ პირველობისათვის ბრძოლა არ შეუწყვეტიათ, რაც ზოგჯერ მოქიშპე თავადთა და მშრომელი მოსახლეობის აწიოკებით მთავრდებოდა. დაპირისპირებულ დადიშქელიანთა საქმეებში ხშირად დადიანები და მეფის მოხელეებიც ერეოდნენ. ყოველმხრივ შევიწროებული ჩუბეხევის დადიშქელიანები ბრძოლას განაგრძობდნენ. 1857 წელს კონსტანტინემ (მურზაყანი) მოკლა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გაგარინი. კონსტანტინე საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით დახვრიტეს და მისი ოჯახის წევრები მალე რუსეთის შორეულ გუბერნიებში გადაასახლეს. ამის შემდეგ მცირე ხანში სვანეთის სამთავრო ოფიციალურად გაუქმდა, გადასახლებას გადარჩენილი დადეშქელიანები კი, როგორც კერძო პირები, სვანეთში მემამულეებად დარჩნენ.

  • გასვიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 310.;
  • გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბილისი, 1973;
  • გასვიანი გ., დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები, თბილისი, 1979.
pFad - Phonifier reborn

Pfad - The Proxy pFad of © 2024 Garber Painting. All rights reserved.

Note: This service is not intended for secure transactions such as banking, social media, email, or purchasing. Use at your own risk. We assume no liability whatsoever for broken pages.


Alternative Proxies:

Alternative Proxy

pFad Proxy

pFad v3 Proxy

pFad v4 Proxy