ვილემ II (ნიდერლანდები)
ვილემ II | |
---|---|
ნიდერლანდების მეფე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ლიმბურგის ჰერცოგი | |
კორონაცია: | 28 ნოემბერი, 1840 |
მმართ. დასაწყისი: | 7 ოქტომბერი, 1840 |
მმართ. დასასრული: | 17 მარტი, 1849 |
წინამორბედი: | ვილემ I |
მემკვიდრე: | ვილემ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 დეკემბერი, 1792 |
დაბ. ადგილი: | ჰააგა, ნიდერლანდები |
გარდ. თარიღი: | 17 მარტი, 1849, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტილბურგი, ნიდერლანდები |
მეუღლე: | ანა პავლეს ასული |
შვილები: | ვილემ III, ნიდერლანდების მეფე |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | ვილემ I, ნიდერლანდების მეფე |
დედა: | ვილჰელმინა პრუსიელი |
რელიგია: | კალვინიზმი |
ვილემ II (ნიდერლ. Willem II; დ. 6 დეკემბერი, 1792, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 17 მარტი, 1849, ტილბურგი, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ლიმბურგის ჰერცოგი 1840-1849 წლებში.
იგი იყო ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ისა და დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის უფროსი ვაჟი. მისი მმართველობის პერიოდში მოხდა 1848 წლის რევოლუცია, რა დროსაც ნიდერლანდებში კონსტიტუციური მონარქია დამყარდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვილემი დაიბადა 1792 წლის 6 დეკემბერს ჰააგაში. იგი იყო პრინც ვილემ ორანელისა და მისი მეუღლის, პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ ორანის პრინცი და ნიდერლანდების შტატჰალტერი ვილემ V და პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელი, ხოლო დედის მხრიდან პაპად ერგებოდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II. 1795 წელს ნიდერლანდებში ბატავიის რევოლუცია დაიწყო, რის გამოც მისი ოჯახი დიდ ბრიტანეთში გაიქცა. აქ იგი კარგ განათლებას იღებდა და მალევე ჩადგა სამხედრო სამსახურში. აღსანიშნავია, რომ იგი ველინგტონის ჰერცოგთან ერთად ებრძოდა ნაპოლეონს ესპანეთში.
1815 წლიდან ვილემის მამა, ვილემ I ნიდერლანდების მეფე და ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი გახდა, რის შემდეგაც ის, როგორც გამოცდილი სამხედრო სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდების სამეფო არმიას. სწორედ ვილემი სარდლობდა ნიდერლანდელებს ვატერლოოს ბრძოლაში, სადაც კოალიციის წევრებმა საბოლოოდ დაამარცხეს და გადაასახლეს ნაპოლეონი.
1816 წლის 21 თებერვალს სანქტ-პეტერბურგში ვილემმა ცოლად შეირთო სრულიად რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის და, დიდი მთავარი ანა პავლეს ასული რომანოვა, რომელიც თავის მხრივ რუსეთის იმპერატორ პავლე I-ისა და დედოფალ სოფია დოროთეა ვიურტემბერგელის უფროსი ქალიშვილი იყო. ამის შემდეგ წყვილმა ერთი წელი დაჰყო რუსეთში და ბელგიაში გადასახლდა, რომელიც იმ პერიოდში ნიდერლანდების დაქვემდებარებაში იყო.
1830 წელს, ბელგიის რევოლუციის დაწყებისთანავე ვილემი თავის ცოლ-შვილთან ერთად გაიქცა ნიდერლანდებში, რომელმაც ამავე წლის 16 ოქტომბერს სცნო ბელგიის სამეფოს დამოუკიდებლობა. 1831 წელს ვილემი ბრიტანეთში გაემგზავრა, საიდანაც მეფე უილიამ IV-ის ჯარებთან ერთად უნდა შეჭრილიყო ბელგიაში, რომელსაც ზურგს საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ ორლეანელი უმაგრებდა. აღსანიშნავია, რომ მათ ჯარებს ბელგიის საზღვარიც არ გადაუკვეთავს, რადგან საფრანგეთი ნიდერლანდებს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებით დაემუქრა.
1840 წელს, მამის ტახტიდან გადადგომის შემდეგ ვილემ II გახდა ნიდერლანდების, ლუქსემბურგისა და ლიმბურგის ერთპიროვნული მმართველი. იგი საკმაოდ ენერგიულად შეუდგა ქვეყნის მართვას და არსებული ეკონომიკური პრობლემების აღმოფხვრა რადიკალური რეფორმებით სცადა. მისმა ახალმა რეფორმებმა ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც 1848 წელს ევროპაში მოდებულ რევოლუციულ ტალღას გაუადვილა ნიდერლანდებში შეღწევა. რევოლუციამ და სამოქალაქო ომის შიშმა აიძულა ვილემი დათმობებზე წასულიყო და დაეთმო თავისი, როგორც მონარქის უფლებათა უმეტესობა, რასაც ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარება მოჰყვა. როგორც ამბობენ, რევოლუციამ ვილემი ერთ დღეში აქცია კონსერვატორიდან ლიბერალად. ამის თაობაზე მან ასეთი რამ განაცხადა:
„შენ შენს საუკუნესთან ერთად უნდა იმოძრაო, თავისუფლებისა და კონსტიტუციის გზაზე. სუვერენულობის შესანარჩუნებლად სხვა გზა არ არსებობს !“
|
ვილემ II გარდაიცვალა რევოლუციიდან მალევე, 1849 წლის 17 მარტს ქალაქ ტილბურგში, მისსავე აშენებულ სასახლეში, 56 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვილემ III (1817-1890), ნიდერლანდების მეფე, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი და ლიმბურგის ჰერცოგი. პირველად იქორწინა თავის დეიდაშვილ სოფია ვიურტემბერგელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები. მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი, რომელთანაც შეეძინა მომავალი დედოფალი ვილჰელმინა;
- ალექსანდერი (1818-1848), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ჰენდრიკი (1820-1879), პირველად იქორწინა ამალია ფონ საქსენ-ვაიმარ-აიზენახზე, მისი უშვილოდ დაღუპვის შემდეგ კი ცოლად შეირთო მარია პრუსიელი, მაგრამ შვილები არც მასთან შეეძინა;
- ერნესტი (1822), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- სოფია (1824-1897), ცოლად გაჰყვა საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდ ჰერცოგ კარლ ალექსანდრეს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andrew Bamford (2014). "The British Army in the Low Countries, 1813-1814". The Napoleon Series. Retrieved 16 August 2015.
- Hofschröer, Peter, 1815, The Waterloo Campaign, The German Victory p137, p200.
- "Willem II, Koning (1792-1849)". Het Koninklijk Huis (in Dutch). Retrieved 15 December 2014.
- "Geschiedenis van het Paleis Soestdijk". Paleis Soestdijk (in Dutch). Retrieved 16 June 2015.
- Siborne, William. "History of the War in France and Belgium in 1815", 1844
- Knoop, Willem Jan. "Beschouwingen over Siborne’s Geschiedenis van den Oorlog van 1815", 1846
- Hermans, Dorine and Hooghiemstra, Daniela: Voor de troon wordt men niet ongestrafd geboren, ooggetuigen van de koningen van Nederland 1830–1890, ISBN 978-90-351-3114-9, 2007.
- Jeroen van, Zanten (2013). Koning Willem II : 1792-1849. dl. 2. Amsterdam: Boom. ISBN 9461051859.
|
|